VII გაკვეთილი უქმნის ბავშვს უშუალო და მუსიკით სავსე გარემოს, სადაც მას შეუძლია იპოვოს ნამდვილი თანამოაზრე და მეგობარი. რაც არც თუ ისე მარტივია დღევანდელი ტექნოლოგიური და სოციალური ქსელებით დატვირთულ ყოველდღიურობაში. პროექტი პირველ რიგში ემსახურება ბავშვებისა და მოზარდების (ასაკი 7-15) განვითარებასა და განათლებას. იმ გზების ძიებას რომელიც შეაძლებინებს მათ ჰარმონიულ თანაცხოვრებას როგორც საკუთარ თავთან, ასევე სოციუმთან. პროგრამა მოუთხრობს მათ ვარსკვლავების წარმატებასა და დაშვებულ შეცდომებზე, ამასთანავე მათ მნიშვნელობაზე როგორც მუსიკის, ასევე კაცობრიობის ისტორიაში. მაქსიმლაურად ეცდება გაუჩინოს ინტერესი მუსიკის და ზოგადად ხელოვნების მიმართ. ამავე დროს მთხრობელი შექმნის უშუალო და მეგობრულ გარემოს და გაიზიარებს ბავშების მოსაზრებებს. დაეხმარება მათ პარალელების გავლებაში და განიხილავს მათთან ერთად პოპულარობისა და წარმატების კონკრეტულ ფორმულებს.
ჩვენი პროექტი გააცნობს ბავშვებს როგორც მუსიკალური ჟანრების ცვლას, ასევე კომპოზიტორებისა თუ მუსიკოსების კარიერულ განვითარებას (ამბების ციკლი /სიმღერის ისტორია). აგრეთვე ამა თუ იმ მუსიკალური ჟანრისა თუ ეპოქის დაბადებასა და განვითარებას. უყვება მათ ქვეყნებისა და ერების კონკრეტული პერიოდის ცხოვრების წესის შესახებ. ბავშვი ეცნობა რა აინტერესებდათ სხვადასხვა ეპოქის მათ თანატოლებს და ახლად ცხოვრებაში ფეხშედგმულ ადამიანებს. რა განაპირობებდა პოპულარობას მაშინ? და დღეს? გაკვეთილების ციკლი დაეხმარება ბავშვს შეიგრძნოს მელოდია, რითმა და განავითაროს გემოვნება. პროექტის ავტორი გადმოსცემს დაგროვილ ცოდნას მუსიკის გავლენის შესახებ მსოფლიო კულტურაზე. ყვება მუსიკოსების ცხოვრებასა ( მაგალითად ბითლზი, ელვის პრესლი, დევიდ ბოუი ან ჰამლეტ გონაშვილი ) და შექმნილ მელოდიების შესახებ - პატარა და სახალისო ამბებად.
სასაწავლო კურსი მოიცავს თვეში 8 და შესაბამისად კვირაში 2 გაკვეთილს ( შაბათ-კვირა), ხანგრძლივობით 45 – 75 წუთი (მოსწავლეების ასაკიდან გამომდინარე). პროექტის ხანგრძლივობა მთლიანობაში შეადგენს 4 თვეს. გაკვეთილები ჩატარდება სპეციალურად პროექტისთვის ტექნოლოგიურად უზრუნველყოფილ სივრცეში (ტერმინალი) და ასევე გარეთ, ბუნებაში (მაგალითისთვის სარეკრეაციო პარკი). გაკვეთილები დაყოფილია მუსიკალური მიმდინარეობისა და ეპოქების მიხედვით. მოიცავს ამბის თხრობას, მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენასა და კითხვა-პასუხის რეჟიმს. ამ უკანასკნელს დათმობილი აქვს გაკვეთილის ბოლო 10-15 წუთი (ხანგრძლივობიდან გამომდინარე), რაც ასე მნიშვნელოვანია როგორც ინტერესისა და მოტივაციის გასაღვივებლად, ამავე დროს მოცემულ სივრცეში მეგობრული აურის შესაქმენლად და მოსწავლეების გაკვეთილის პროცესში აქტივობის გასაძლიერებლად.
გელოდებით VII გაკვეთილზე. რომლის გაცდენაც ყველაზე მარტივია, მაგრამ ერთხელ მაინც თუ დაესწარი არასდროს მოგინდება გაპარვა.