23/07/2022
ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში:
🔹 დასჯადი ხდება ე.წ. დრიფტი, რაც გულისხმობს ავტომობილის განზრახ მოცურებას/მოსრიალებას ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელებას. სანქციად წესდება ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 30 ქულით შემცირება.
დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, თუ ე.წ. დრიფტს მოჰყვება ზიანი. აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 35 ქულით შემცირებას.
🔹 დასჯადი ხდება ჩამოწერის შედეგად აღრიცხვიდან მოხსნილი სატრანსპორტო საშუალების მართვა. აღნიშნულისთვის წესდება ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობის 30 ქულით შემცირდება.
🔹შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების და/ან კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური აღჭურვილობის და შეფერილობის ავტომანქანით გაცილების გარეშე არაგაბარიტული სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობისთვის სანქცია, ნაცვლად 100 ლარისა, იქნება ჯარიმა 1 000 ლარი, ხოლო თუ აღნიშნულ სამართალდარღვევას მოჰყვა ზიანი, 250 ლარის ნაცვლად, დაწესდება ჯარიმა 2 000 ლარი.
🔹სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
🔹 კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინებით სატრანსპორტო საშუალების მართვა, 50 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
🔹 დასჯადი ხდება ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივებს. სანქციის სახედ წესდება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირება. პირველ ეტაპზე მოწესრიგდება საკანონმდებლო ჩარჩო, ხოლო შემდგომ მოხდება ხმაურისმზომი აღჭურვილობის შეძენა.
25/04/2022
✅ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის 26 აპრილიდან, “B” და „BE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ნაწილი ორეტაპიანი ხდება. პირველი ეტაპი ჩატარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.
✅ ცვლილებების მიხედვით, მძღოლობის კანდიდატი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასვლას, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღის შემდეგ შეძლებს. ამასთან, მძღოლობის კანდიდატს საშუალება ექნება, ისარგებლოს დაჩქარებული მომსახურებით, რომლის ღირებულება განისაზღვრება 160 ლარით და პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან, მეორე ეტაპზე 15 დღეზე ადრე გავიდეს.
✅ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე გასასვლელად საჭიროა, დაინტერესებულმა პირმა დაჯავშნოს რიგი. რიგის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში, ასევე, სააგენტოს ვებგვერდის, მობილური აპლიკაციის ან სწრაფი გადახდის ტერმინალის საშუალებით. მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამოცხადდეს რიგის ჯავშნით გათვალისწინებულ დრომდე, 15 წუთით ადრე.
20/04/2022
👉2022 წლის 25 აპრილიდან „B” და „BE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორ ეტაპიანი ხდება. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტციკებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება.
მძღოლობის კანდიდატს, რომელიც პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება, გამოცდის ჩაბარება საგზაო მოძრაობის სხვადასხვა ინტენსივობის გზაზე მოუწევს:
✅დაუსახლებელ პუნქტებში;
✅ავტომაგისტრალზე ან სხვა მსგავს გზაზე ან იმ გზაზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით;
✅დასახლებულ პუნქტებში, გზებზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.
👉მძღოლობის კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად, არანაკლებ 25 წუთის განმავლობაში მოუწევს კონკრეტული მარშრუტით გადაადგილება.
13/04/2022
✅შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ასრულებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის 25 აპრილიდან "B" და "BE" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.
👉მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ახალციხის, ქუთაისის, საჩხერის, ოზურგეთის და ბათუმის სამსახურებში შეძლებენ.
რაც შეეხება ზუგდიდის სამსახურს, ქალაქში გზებზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება შესაძლებელი იქნება შესაბამისი სამუშაოების დასრულებისთანავე.
👉ცვლილებების მიხედვით, დახურულ მოედანზე სპეციალური მანევრების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. თითოეული საგამოცდო სამსახურისათვის შემუშავებულია რამდენიმე საგამოცდო მარშრუტი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცდება.
სავალდებულოა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე რიგის დაჯავშნა, რაც შესაძლებელია:
✔️ უშუალოდ, სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით;
✔️ ვებგვერდის მეშვეობით;
✔️ მობილური აპლიკაციის საშუალებით.
👉მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდეს პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიღების შემთხვევაში, მომდევნო გამოცდაზე გასვლა შესაძლებელი იქნება რიგის დაჯავშნით, არაუადრეს 30 დღისა.
365 დღიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში, თეორიული და პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას.
18/02/2022
ჩემო ძვირფასებო,მომსახურების სააგენტოში გაიხსნა აპრილის თვის რიცხვები გამოცდის ჩასაბარებლად,გთხოვთ დაჯავშნოთ სასწრაფოდ...
30/12/2021
🔉შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად, 2022 წლის 1 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდი, მომსახურების სააგენტოში გამოცხადებულია დასვენების დღეებად. სააგენტო ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაახლებს 10 იანვრიდან.
👉🏻ამასთანავე, გაცნობებთ, რომ მომსახურების სააგენტო 2021 წლის 31 დეკემბერს იმუშავებს 09:30 საათიდან 16:00 საათამდე.
👉🏻ის მოქალაქეები, რომლებსაც აღნიშნულ პერიოდში, 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დაჯავშნილი ჰქონდათ მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლის ელექტრონული რიგი, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ 10 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, დაჯავშნისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულებში.
👉🏻პრაქტიკულ გამოცდაზე გამსვლელ მძღოლობის კანდიდატებს საპატიოდ ჩაეთვლებათ 2022 წლის 1 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდი და პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად, აღნიშნული დღეების გამოყენების შესაძლებლობა მიეცემათ 2022 წლის 10 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით.
👉🏻იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2022 წლის 1 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდში, განბაჟების მიზნით, მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართონ 2022 წლის 10 იანვარს.
30/11/2021
👉კანონპროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიახლეს წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის სისტემის შეცვლა.
👉სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი 2022 წლის 25 აპრილიდან ხდება.
👉პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე.
👉გამოცდების რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარება წარმოადგენს როგორც დირექტივის იმპლემენტაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს, ასევე საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ პრევენციულ ინსტრუმენტს, რათა შემცირდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და ამაღლდეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ცოდნის დონე.