12/08/2026
📌 სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის წესი (2026 წლის სიახლე)↘️
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის №110/ნ ბრძანებით (11 აგვისტო, 2026 წ.) დამტკიცდა საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის, რეალიზაციისა და გადაცემის ახალი წესი
🏢 პროცესის მართვა და ლოჯისტიკა:
ფორმების დამზადებას, შესყიდვას, დასაწყობებას, რეალიზაციასა და აღრიცხვას უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „საგანმანათლებლო რესურსები“.
💡 სკოლის როლი: სკოლა შინაგანაწესით განსაზღვრავს ფორმის ტარების მონიტორინგსა და პასუხისმგებლობის ზომებს. მოსწავლის ფორმის ტარებისგან გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით.
🔎ფორმის შეძენა და მიღება
მიღების არხები: სპეციალური გაცემის ცენტრები, რეალიზაციის პუნქტები და ონლაინგვერდი.
ანგარიშსწორება: ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ფორმით.
🎁 უფასო კომპლექტი ბენეფიციარებისთვის:
მიზნობრივი პროგრამის ბენეფიციარებს სასწავლო წელიწადში ერთხელ უსასყიდლოდ გადაეცემათ:
↘️ბიჭებისთვის: 1 პიჯაკი და 2 შარვალი;
↘️გოგოებისთვის: 1 პიჯაკი, 1 შარვალი და 1 ქვედაკაბა.
✏️ახალი სტატუსის მიღება: თუ მოსწავლე ბენეფიციარის სტატუსს წლის განმავლობაში მოიპოვებს, მშობელმა წერილობით უნდა მიმართოს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. განაცხადი განიხილება 10 სამუშაო დღეში.
🔄 გადაცვლა და დაბრუნება
ვადა: მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღე (ზომის შეუსაბამობის ან ქარხნული წუნის შემთხვევაში).
პირობა: ნივთს შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს სასაქონლო იერსახე, ეტიკეტი და არ უნდა ეტყობოდეს მოხმარების კვალი.
✅️ უსაფრთხოება და მონაცემთა დაცვა
აღრიცხვა: უფასო გადაცემა ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით და რეგისტრირდება ელექტრონულ სისტემაში.
საწყობები: უზრუნველყოფილია ტენიანობისგან დაცული გარემო და ვიდეომონიტორინგი.
პერსონალური მონაცემები: მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელია შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.