მასწავლებლის გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში

  • Home
  • Georgia
  • Gori
  • მასწავლებლის გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში

მასწავლებლის გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში საჯარო სკოლის მასწავლებელი. ქართული ენისა და ლიტ. ისტორიის მაგისტრი. ორივე საფეხურზე სერტიფიცირებული.

26/08/2026

📚 თუ გსურს , მარტივად ჩააბარო სასერტიფიკაციო გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მაშინ ეს პოსტი შენთვისაა☀️

🎓 ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის, საჯარო სკოლის მასწავლებელი .

განათლებით, ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი; ლიტერატურის ისტორიის მაგისტრი.

სერტიფიცირებული
✅ I–VI კლასები
✅ VII–XII კლასები

📖 : ვიმეცადინებთ
🔹 საგამოცდო პროგრამა
🔹 ტექსტის გააზრება და ანალიზი
🔹 ტესტური და ღია ტიპის დავალებები
🔹 არგუმენტირებული მსჯელობა და მხატვრული ტექსტის ანალიზი
🔹 პრაქტიკული დავალებები და შეცდომების დეტალური განხილვა

- ვიმუშავებთ წინა წლების ტესტებზე და დეტალურად განვიხილავთ ყველა საკითხს.

- განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული ენის გრამატიკას.

📩 დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ პირად შეტყობინებაში და ჩაეწერეთ გასაუბრებაზე.

მსმენელებს შევარჩევ გასაუბრებით!

მეცადინეობა : ინდივიდუალური

ცოდნა, გამოცდილება და სწორი მომზადება — წარმატებისკენ მიმავალი გზაა! ❤️📚

27/06/2026

რთული სიტყვების (კომპოზიტების) მართლწერა ❗️❗️❗️
ერთცნებიანი კომპოზიტები ❗️
🛑 ცნობისთვის: ერთცნებიანი, ანუ ერთმნიშვნელობიანია, კომპოზიტი, რომლის მნიშვნელობა არ უდრის შემადგენელი ფუძეების მნიშვნელობათა ჯამს. ასეთ შემთხვევაში რთული ფუძის შემადგენელ ნაწილებს შორის და კავშირი არ ჩაისმის.
🛑 დაიმახსოვრეთ! ერთად, უდეფისოდ იწერება:
✔️ ფუძეგაორმაგებული კომპოზიტები, რომელთა ნაწილების მნიშვნელობა გასაგებია, სიტყვას კი ახალი, სრულიად განსხვავებული მნიშვნელოვა აქვს ( წამწამი, თავთავი...).
✔️ ფუძეგაორკეცებული კომპოზიტები, რომელთა ნაწილები მნიშვნელობასმოკლებული მარცვლებია (ბაჯბაჯი, ჩიფჩიფი, კაშკაში...).
✔️ უდეფისოდ იწერება ფუძეგაორკეცებული კომპოზიტები, რომელთა ფუძეში ბგერის შეცვლა ან დამატება ხდება (ჩხარაჩხური, ქოხმახი, არემარე, ავანჩავანი...).
✔️ ერთად, უდეფისოდ იწერება ,,და" კავშირით შეერთებული ფუძეგაორკეცებული კომპოზიტები (სხვადასხვა, პირდაპირ, ხანდახან...), ასევე, ,,და" კავშირით შეერთებული რიცხვითი სახელები 21-დან 100-მდე (ოცდახუთი, ორმოცდაშვიდი...).
⭕️ ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ და მხოლოდ, კვლავ და კვლავ, უფრო და უფრო იწერება ცალ-ცალკე.
✔️ ერთად, უდეფისოდ იწერება ორი სიტყვის შეერთების შედეგად მიღებული კომპოზიტები, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ბრუნვის ფორმითაა წარმოდგენილი რთული ფუძის შემადგენელი პირველი ნაწილი (ჯარისკაცი, ძმისწული, შვილიშვილი, გულკეთილი, გონებამახვილი...).

15/06/2026

სახელის მართლწერასთან დაკავშირებული საკითხები
შინაარსი



1. 1. ორი ერთნაირი ბგერის თავმოყრა ბრუნებისას
ა. ხმოვნების თავმოყრა

ორი ე იწერება ე ხმოვანით ფუძედაბოლოებულ სახელებთან ებ-იან მრავლობითში:

თვეე + ებ -ი → თვეები
დღე + ებ -ი → დღეები
შრე + ებ -ი → შრეები
კვირა - კვირები

ორი ი იწერება ია-ზე დაბოლოებულ სახელებში ნათესაობითსა და მოქმედებით ბრუნვებში:

ია + -ის → იის
გეოგრაფია + -ის → გეოგრაფიის
ფილოსოფია + -ის → ფილოსოფიის
ია + -ით →იით
გეოგრაფია + -ით → გეოგრაფიით
ფილოსოფია + -ით → ფილოსოფიით



ე ხმოვანი არ იკვეცება (არ იკარგება) უცხოური წარმოშობის სახელებში:

კაფე – კაფე-სი/კაფე-თი და არა კაფ-ის/კაფ-ით
ბლომანჟე – ბლომანჟე-სი/ბლომანჟე-თი
და არა ბლომანჟ-ის/ბლომანჟ-ით

რაღაცა, ვიღაცა ნაცვალსახელების მრავლობითის ფორმებია: ვიღაც-ები, რაღაც-ები... ეს ნაცვალსახელები – ა ხმოვნით ბოლოვდება და ორი – ე-ს თავმოყრა არ არის სწორი: ვიღაცეები, რაღაცეები...

სავარჯიშოები



I. დაწერეთ სწორი ფორმით ფრჩხილებში ჩასმული სიტყვები:



1. -------------------- მასწავლებელმა საინტერესო საკითხი აგვიხსნა (ბიოლოგია).
2. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ---------------- (ისტორია).
3. ------------- სილამაზით ყველა მოიხიბლა (ლალი).
4. ------------- ნახტომმა ყველა გაგვაოცა (კალია).
5. -------------------- გაკვეთილს მხოლოდ ორი ბავშვი ესწრებოდა (გეოგრაფია).
6. ეგვიპტის პირამიდები უძველესი ------------------- ნაშთია (ცივილიზაცია).
7. მე-5 კლასში ნინო -------------------- დაინტერესდა (ბიოლოგია).

II. ფრჩხილებში ჩასმული სიტყვები ჩასვით მრავლობით რიცხვში.

1. ნაწვიმარი ქალაქი -------------------- აივსო. (გუბე)
2. შენობის წინ მაღალი -------------------- დგას. (ხე)
3. ეს -------------------- წელს ალპინისტებმა დალაშქრეს. (კლდე)
4. ჩემს აივანზე მერცხლებმა -------------------- გაიკეთეს. (ბუდე)
5. -------------------- შესანიშნავად იცეკვეს. (მოცეკვავე)
6. -------------------- ვალის დაბრუნებას ითხოვენ. (მევალე)

III. გაასწორეთ შეცდომები:

1. სამსახურიდან მაღაზიაში შევიარე და რაღაცეები ვიყიდე.
2. რაღაც-რაღაცეებში უცებ გავერკვიეთ.
3. ვიღაცეებმა ამ უნივერსიტეტის მოდერნიზაცია განიზრახეს.
4. კვირეებისა და თვეების განმავლობაში გრძელდებოდა ეს უბედურება.



ბ. თანხმოვნების თავმოყრა

მოთხრობით ბრუნვაში ორი მ იწერება, თუ სახელის ფუძე მ თანხმოვანზე ბოლოვდება:

კალამ- მა, მარიამ-მა, გურამ-მა, გემ-მა...
მიცემით ბრუნვაში ორი ს იწერება, თუ სახელის ფუძე ს თანხმოვანზე ბოლოვდება:

უელს-ს, ლექს-ს, ეპისკოპოს-ს, სინდის-ს, კლას-ს...
-ზე თანდებულის დართვისას ორი ზ იწერება, თუ სახელის ფუძე ზ თანხმოვანზე ბოლოვდება:

ასპარეზ-ზე, ხაზ-ზე, კოვზ-ზე...
თუ სახელის ფუძე შ-ზე ბოლოვდება და -ში თანდებული დაერთვის, ორი შ დაიწერება:

თეფშ-ში, ბალიშ-ში, ქარქაშ-ში, ულვაშ-ში...
-თან თანდებულის დართვის შემდეგ გვექნება ორი თ, თუ სახელის ფუძე თ თანხმოვანზე ბოლოვდება:

ხალათ-თან, გუმბათ-თან...
თუ სახელის ფუძე ბოლოვდება ნ თანხმოვანზე, ნარიან მრავლობითში (სახელობითსა და წოდებითში) დაიწერება ორი ნ:
ბრძენ-ნი, ბრძენ-ნო, ხელოსან-ნი, ხელოსან-ნო

თანიან მრავლობითში იწერება ორი თ, თუ სახელის ფუძე ბოლოვდება თ თანხმოვანზე:
ბარათ-თა, სურათ-თა.
სავარჯიშოები:

I. ჩასვით სიტყვები სათანადო ფორმაში:

1. წყალწაღებული ----------- ეჭიდებაო. (ხავსი)
2. მწერალმა მრავალი მოთხრობა მიუძღვნა -------------- და -----------------. (თბილისი; ქუთაისი)
3. ---------- და ქაოსმა ქვეყანა განადგურებამდე მიიყვანა. (ომი)
4. ამ -------------- სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს. (ნივთი)
5. ----------- ყველა მსურველი ვერ დაიტია. (გემი)
6. საბალეტო -------------- ხანგრძლივი შესვენება ჰქონდა. (დასი)
7. ----------- მეტად როკი მიყვარს. (ჯაზი)
8. -------------- კავშირი სკოლის მერე აღარ მქონია. (იმერეთი)
9. წამალი -------------- დაასხი და ისე დაალევინე ბავშვს. (კოვზი)
10. -------------- ბევრი ვიტამინი და სასარგებლო ნივთიერებაა. (ქიშმიში)
11. -------------- ვაჟმა სახლის აშენება გადაწყვიტა. (სამი)

II. შეარჩიეთ სათანადო სიტყვები და ჩასვით წინადადებაში სწორი ფორმით:

ზეიმი, ვალსი, ატამი, გრადუსი, ლომი, ტანსაცმელი

1. -------------------- თუ არ გაუფრთხილდები, მალე გაგიფუჭდება.
2. -------------- წელს კარგად მოისხა.
3. ზოოპარკის ახალმა ბინადარმა - -------------------- ბევრი მნახველი მიიზიდა.
4. სიყვარულის დღეს გამართულმა ------------------- ყველა კმაყოფილი დატოვა.
5. ამ ზაფხულს ჰაერის ტემპერატურამ ორმოც ---------------- გადააჭარბა.
6. ნინო ----------- ნიკასთან ცეკვავს.

III. გაასწორეთ შეცდომები:

1. ნოდარს თამაში დიდი დრო დაეკარგა.
2. ექიმა წამალი გამომიწერა.
3. ამ კალამა ძალიან გაგვაწვალა.
4. ყველა უფროს ელოდებოდა.
5. სამზადის დღეიდანვე უნდა შევუდგეთ.
6. ხუთ ივნის გიორგი ჩამოვა.
7. ის ხუთი წლის წინ გამოვიდა ასპარეზე.

IV. გახაზეთ ის სიტყვები, რომლებსაც თანიან მრავლობითში ორი თ ექნება:

ლოგინი, ყუთი, ბურთი, ხელი, ნაშთი, ყური, ხალათი, ლოთი, კალამი, სავარძელი, ფაქსი, ხლართი, ზვირთი, ტელეფონი, ნივთი, ყვრიმალი, ქურთი, ხმალი, წარმართი, აღმართი, კარგი, დენთი, ზეთი, ასანთი, ექიმი, ნავთი.

V. გახაზეთ სიტყვები, რომლებსაც ნარიან მრავლობითში ორი ნ ექნება:

დღე, ბალი, ბერლინი, ნახში¬რი, კარი, კიდობანი, ბერძენი, კვერცხი, მხცოვანი, ცხენი, ზღვა, ქარავანი, ოსტატი, ბატონი, ყვავი, ბრძენი, ბატკანი, გერმანია, გეგმა, ყორანი, თხა, მარანი, პირსაბანი, ხელოსანი, მარცვალი, ბარგი, საბანი, ვარსკვლავი, ქვეყანა, ველი, ხე, მეზობელი, წიგნი, ფანქარი, თეატრი, ანბანი.

1. 2. არსებით სახელთა მართლწერასთან დაკავშირებული სხვა საკითხები

ვითარებითი ბრუნვის ნიშანია -დ (ხმოვანფუძიან სახელებში), -ად (თანხმოვანფუძიანებში) და არა – თ:
ნოველად, წიგნად, ლექსად, სასწავლებლად, სანახავად...

არასწორია: ნოველათ, წიგნათ, ლექსათ, სასწავლებლათ, სანახავათ...
* * *

და კავშირით შეერთებულ სახელთაგან კავშირის წინ მდგომი სახელი დაირთავს ბრუნვის ნიშანს და გავრცობილია ა-თი:
დასა და ძმას (და არა: დას და ძმას).

* * *

მიცემითსა და ნათესაობითში და კავშირით შეერთებულ სახელთაგან თანდებული მომდევნოს დაერთვის:

ზღვასა და ხმელეთზე (და არა: ზღვაზე და ხმელეთზე), ან ოჯახისა და საზოგადოებისათვის (და არა: ოჯახისათვის და საზოგადოებისათვის).
ხოლო თუ და-ს წინ რამდენიმე სახელია, ყველა დაირთავს თანდებულს, გარდა და კავშირის წინ მდგომისა:
დეკანი ზრუნავდა პროფესორებზე, სტუდენტებზე, წარმატებასა და მომავალზე.

ზოგჯერ გვხვდება შემდეგი სახის შესიტყვება: სიყვარულის გულისთვის, სამშობლოს გულისთვის... სწორი იქნება, თუ სიტყვა "გულს" ამოვიღებთ და დავწერთ / ვიტყვით: სიყვარულისათვის, სამშობლოსათვის..
* * *

ხშირად წინ და უკან სიტყვების თანდებულებად გამოყენებისას შეცდომებს ვუშვებთ. ეს შეცდომები რუსულიდან სიტყვასიტყვით თარგმნის შედეგია. სწორია:

ორი წლის წინ, ან ათასი წლის წინ - და არა: ორი წლის უკან, ათასი წლის უკან.
კანცელარიულ მეტყველებაში არსებობს ასეთი გამოთქმა - ამა თუ იმ დოკუმენტის უკანა რიცხვით გაფორმება, რაც არასწორია. უნდა ვთქვათ: წინა (ან გასული) რიცხვით // თარიღით გაფორმება...

* * *

დაიმახსოვრეთ: არასწორია: კენჭისყრები, შიშები, წნევები, შუქები, პრაქტიკები, მუსიკები... ისინი მხოლობით რიცხვში უნდა ვიხმაროთ: კენჭისყრა, შიში, წნევა, შუქი, პრაქტიკა, მუსიკა...


სავარჯიშოები:

I. შეარჩიეთ სწორი ფორმა მოცემული ნიმუშებიდან და ჩას-ვით სათანადო ადგილას:

ჭირში და ლხინში, ჭირსა და ლხინში

ისინი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ერთად არიან.

II. გახაზეთ სწორი ფორმები:

1. დედას და მამას - დედასა და მამას
2. პრეზიდენტსა და მინისტრებს - პრეზიდენტს და მინისტრებს
3. მინისტრებსა და პარლამენტს - მინისტრებს და პარლამენტს
4. რეგიონისათვის და ქალაქისათვის - რეგიონისა და ქალაქისათვის
5. ცენტრისთვის და პერიფერიებისათვის - ცენტრისა და პერიფერიებისთვის
6. ხალხზე და ქვეყანაზე - ხალხსა და ქვეყანაზე
7. სოფელზე და ქალაქზე - სოფელსა და ქალაქზე
8. შვილებისა და შვილიშვილებისათვის - შვილებისათვის და შვილიშვილებისათვის.

III. გაასწორეთ შეცდომები:

1. სახლი თეთრათ შეღება.
2. დავალებათ ამოცანები გვაქვს.
2. წიგნის გამოსაცემათ სტამბას უნდა დაუკავშირდეთ.
3. გამოცდების ჩასაბარებლათ მზად ვარ.
4. სოფლის გამგებლათ ახალგაზრდა კაცი აირჩიეს.
5. მწერალი ასპარეზე ორი ათეული წლის წინ გამოვიდა.
6. ის მოსამართლეთ მუშაობს.
7. თამადათ ნიკა აირჩიეს.
8. მასწავლებლათ ვმუშაობდი.

02/06/2026

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი -"შვილები" (თარგმანი ნინო დოლიძისა)

,,ქალმა, რომელსაც თავისი პატარა ბავშვი მკერდზე მიეკრა, უთხრა: გველაპარაკე შვილებზე.

და მან თქვა:

თქვენი ბავშვები თქვენ არ გეკუთვნით.

ისინი არიან ვაჟიშვილები და ქალიშვილები ცხოვრების სევდისა საკუთარი თავის გამო.

ისინი თქვენი საშუალებით მოდიან, მაგრამ არა თქვენგან.

და თუმცა თქვენთან ერთად არიან, თქვენს კუთვნილებას არ წარმოადგენენ.

შეგიძლიათ მისცეთ მათ თქვენი სიყვარული, მაგრამ არა აზრები.

რადგან მათ თავიანთი ფიქრები აქვთ.

შეგიძლიათ შეიკედლოთ მათი სხეულები, მაგრამ არა - სულები,

რადგან მათი სულები ხვალინდელი დღის მკვიდრნი არიან, თქვენ კი ოცნებაშიც არ შეგიძლიათ მომავლის მონახულება.

შესაძლოა, ესწრაფოდეთ, მიემსგავსოთ მათ, მაგრამ ნუ ეცდებით დაიმსგავსოთ ისინი,

რადგან ცხოვრება უკან-უკან არ მიდის და გუშინდელ დღესათან არ ყოვნდება.

თქვენ მშვილდები ხართ, რომლიდანაც თქვენი შვილები, როგორც ცოცხალი ისრები, წინ-წინ გაიჭრნენ.

მსროლელი ხედავს მიზანს უსასრულობის ბილიკზე და ის გღუნავთ თქვენ თავისი ძალით, რომ მისი ისრები სწრაფად და შორს გაფრინდნენ.

იყოს თქვენი მოხრილობა მსროლელის ხელში მხოლოდ სიხარულის მომტანი,

რამეთუ, როგორც გაფრენილი ისარი, ისევე უყვარს მას მშვილდი, რომელიც ადგილზე რჩება."

21/05/2026

მხატვრული ხერხები
1. მეტაფორა – სიტყვის გადატანითი მნიშვნელობით გამოყენება
გამოარჩევენ ოთხი ტიპის მეტაფორას:
1. როდესაც უსულო საგანის თვისება გადატანილია სულიერ საგანზე (ოქროს გული, რკინის კაცი).
2. სულიერი საგნის თვისება გადატანილია უსულო საგანზე (“ჩაფიქრებულა მთაწმინდა” ან “ვინ იცის მტკვარო რას ბუტბუტებ”).
3. უსულო საგნის თვისება გადატანილია უსულო საგანზე (ვერცხლის ნაკადული, რკინის ნიაღვარი).
4. სულიერი საგნის თვისება გადატანილია სულიერ საგანზე (შენ ხმელო კაცო, წარბშეკრულო ხშირად და მკაცრო, / აქიმო წყლულის და ქადაგო გაზაფხულისა

2. გაპიროვნება- უსულოს გასულიერება.
მხატვრული გამოსახვის ხერხი, რომლისთვისაც დამახასიათებელია საგნებისა და მოვლენებისადმი ადამიანური თვისებების მიწერა, უსულო და სულიერი საგნების გაადამიანება. უსულო საგანი წარმოდგენილია, როგორც ადამიანი, რომელიც გრძნობს, მსჯელობს, მოქმედებს. განსხვავდება მეტაფორისაგან იმით, რომ მეტაფორაში ყველა თვისების გადატანა შეიძლება ერთი საგნიდან მეორეზე, გაპიროვნებაში კი გადატანილია მხოლოდ ადამიანური თვისებები.
3. ალეგორია – გადაკრულად ნათქვამი.
გადაკრულად ნათქვამი სიტყვა თუ სიტყვათა რიგი, რომელშიც მოვლენის შინაარსი კონკრეტული სახითაა წარმოდგენილი. მასში ნათქვამია ერთი და იგულისხმება მეორე (ანდაზა,გამოცანა, იგავ-არაკი და სხვ.). მისი მიზანია ავტორის აზრის შენიღბვა.
4. ჰიპერბოლა-გაზვიადება.
ტროპის ისეთი სახე, რომელსაც საგანსა თუ მოვლენას გაზვიადებულად წარმოადგენს. ეს სიტყვა ბერძნულიწარმოშობისაა და გადაჭარბებას, გაზვიადებას ნიშნავს.
5. ეპითეტი — მხატვრული განსაზღვრა, პოეტური განმარტება, დახასიათება. ხშირად ზედსართავი სახელით.
მხატვრული განსაზღვრა, პოეტური განმარტება, დახასიათება, რომელიც მიგვიგებს კითხვაზე “როგორი?”. უხშირესად ზედსართავი სახელით. მაგალითად: ანკარა წყალი და ა.შ. განსაზღვრებისგან გამოირჩევა. განსაზღვრება ხაზს უსვამს საგნისა თუ მოვლენის ძირითად დამახასიათებელ ნიშანს.
6. შედარება -ერთი საგნის ან მოვლენის სხვა საგანთან ან მოვლენასთან შედარება,რიტორიკული მიმართვა რიტორიკული შეძახილი.
სტილისტიკასა და ლიტერატურაში — ტროპის ერთ-ერთი სახე. შედარების დროს ორი სხვადასხვა საგანი ან მოვლენა შეფასებულია ერთმანეთთან არა სრული მსგავსების, არამედ ერთ-ერთი რომელიმე მსგავსების საფუძველზე, მოვლენების მხატვრული გამოსახვის მიზნით:
“მაღლით ბრძლის ველს, როგორც ხელის გულს,
ისე დაჰყურებს მთავარსარდალი”.
ლომივით ძლიერი;
შედარებისთვის აუცილებელია ორი ან მეტი მოვლენა – რა უნდა შევადაროთ და რას უნდა შევადაროთ. მაგალითად, წინადადებაში “თმა თოვლივით გაუთეთრდა” შედარების ორი წევრია: თმა და თოვლი.
შედარების წევრები შედარებას ქმნიან გრამატიკული კავშირებით: ვითარცა, როგორც, თითქოს, მსგავსად; ან ნაწილაკებით: -ვით, -ებრ და სხვ.

04/05/2026

📍შემასმენელს, როგორც წინადადების ერთ-ერთ მთავარ წევრს, წინა ეპიზოდიდან უკვე იცნობთ. იგი ქვემდებარეს, პირდაპირ და ირიბ დამატებებს განსაზღვრულ ბრუნვებში შეიწყობს.
თუმცა წინათ არ გვიხსენებია, რომ ზმნა-შემასმენელი, თავის მხრივ, ორგვარია: მარტივი და შედგენილი.
🟢მარტივია შემასმენელი, რომელიც გადმოცემულია ზმნის ამა თუ იმ მწკრივის ფორმით ან, უფრო მარტივად, პირიანი ფორმით. მაგალითად,
ევა უვლის სამოთხეს. ევა აწოდებს ადამს ვაშლს.
🟡შედგენილია შემასმენელი, რომელიც გადმოცემულია ორი სიტყვით - სახელური(ბრუნებადი სიტყვით) და ზმნური ნაწილით(მეშველი ზმნით).
👉ბრუნებადი სიტყვა - ესაა სახელი(არსებითი, ზედსართავი, რიცხვითი, ნაცვალსახელი) ან სახელზმნა(მას დეტალურად მოგვიანებით გავეცნობით) და, ჩვეულებრივ, სახელობით ბრუნვაში დგას.
👉მეშველ ზმნად კი უმეტესწილად გამოყენებულია ''ვარ'' და მისი მონაცვლე ზმნები(ხარ, არის, იყო...).
მაგალითად,
გველი სამოთხის ბინადარია.
📍მოცემულ წინადადებაში "ბინადარია" შედგენილი შემასმენელია, რადგან წარმოდგენილია როგორც სახელადი(ბინადარი), ისე ზმნური ნაწილით(ბინადარი+არის=ბინადარია). დააკვირდით, რომ სახელადი ნაწილი სახელობითი ბრუნვის ფორმითაა წარმოდგენილი.
🔎🔍შედგენილი შემასმენლის მართლწერისთვის‼️
❗️თუ შედგენილი შემასმენლის სახელადი ნაწილი მრავლობითი რიცხვითაა გადმოცემული, მაშინ მისი ზმნური ნაწილი, ანუ მეშველი ზმნა, სრული სახით უნდა ვიხმაროთ(მისი შეკვეცა არ შეიძლება).
✅სწორია: ანა და მარიამი მეგობრები არიან.
❎არასწორია: ანა და მარიამი მეგობრებია.
❗️წინა წესის ანალოგიურად, თუ სახელადი ნაწილი მხოლობითი რიცხვითაა გადმოცემული, მეშველი ზმნა მას უნდა შეურწყათ.
✅ გველი სამოთხის ბინადარია(ნაცვლად გველი სამოთხის ბინადარი არის).

03/05/2026

#არგამოგრჩეთ
#გამოცდაზერეგსიტრაცია

მოგესალმებიᲗ მეგობრებო, არ გამოგრᲩეᲗ გამოცდაზე რეგისტრაცია!

კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე - online.naec.ge - 6 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ.

სავალდებულოა, 20 აპრილის 10:00 საათიდან 4 მაისის 18:00 საათამდე აპლიკანტებმა გამოცდების საფასური გადაიხადონ (არანაკლებ ერთი გამოცდის).

2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და აგრეთვე, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.

კანდიდატებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ვერ აირჩევენ იმ საგნებს, რომელთა ტესტური დავალების/დავალებების შინაარსი იდენტურია (მათ შორის, თუ საგნის ტესტური დავალება/დავალებები ნათარგმნია უცხო ენაზე.

მონაწილეთათვის ერთი გამოცდის საფასური შეადგენს 50 ლარს, რომლის გადახდა ხორციელდება „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალიᲗ.

https://online.naec.ge/tch-reg/teachers/teachersLogin.aspx

მასწავლებლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია 20 აპრილის 10:00 საათზე დაიწყო და 6 მაისის 18:00 საათზე დასრულდება.

Address

გორი
Gori

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მასწავლებლის გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share