23/04/2026
ილია ჭავჭავაძის სიმამრს თადეოზ გურამიშვილს, რომელიც შეძლებული მემამულე გახლდათ, ღარიბი მწერალი სასიძოდ არ მოსწონდა.
ოლღამ და ილიამ 1863 წლის იანვარში გაიცნეს ერთმანეთი და იმავე წლის 10 აპრილს თბილისის სამების ეკლესიაში საიდუმლოდ დაიწერეს ჯვარი. ილია იმ დროს 25 წლის იყო, ოლღა - 20 წლის. მათი ჯვრისწერის მერე თადეოზი ავჭალაში დასახლდა, საგურამოს მამულები კი ქალიშვილებს - ოლღას და ეკატერინეს დაუტოვა მზითვად...
ერთმანეთის გაცნობის შემდეგ პირველი წერილი ოლღას გაუგზავნია ილიასთვის მეგობრის ნინო ორბელიანის (ყაფლანიშვილის) ხელით.
„მითხარით, – სად შევხვდეთ. დროის გამო ნუ სწუხდებით, დროს ყოველთვის მოვნახავ, ოღონდ ერთი დღით ადრე მაცნობეთ. ი. ჭ.“ (16 იანვარი, 1863 წ.) – ეს ილიას პირველი წერილია ჩვენამდე მოღწეული 240-მდე წერილიდან, რომელიც ოლღას გაუგზავნა.
დიდი სიყვარული ჩანს მისი თითოეული წერილიდან:
საოცრად მგრძნობიარე და დამაფიქრებელია ილიას წერილები:
„მე მგონია, ხიფათში იგდებთ თავს, როცა პაემანს მინიშნავთ თქვენს სახლში, სადაც ასი თვალი გითვალთვალებს. მე ბევრი რამის, ძალიან ბევრი რამის გამო მინდა გესაუბროთ. მეშინია, ვაითუ სიჩქარით ყველაფრის თქმა ვერ მოვასწრო, თანაც თქვენთვისაც მოუხერხებელი იქნება ყურის გდება, სადაც პატარა შარიშურმაც კი შესაძლოა შიში გამოიწვიოს და ყურადღება წაგართვათ. ყველაფერს აჯობებს შევხვდეთ სადმე სხვაგან, თქვენი სახლისგან მოშორებით, თუნდაც, მაგალითად, ტაძარში. მაგრამ, რასაკვირველია, ნება თქვენია, მიბრძანეთ, რასაც ინებებთ, მე ყველაფერს შევასრულებ. ოღონდ, გთხოვთ, ეს ერთი დაიმახსოვრეთ: არავის არ უთხრათ არაფერი, არავის ენდოთ, ადამიანნი ყოველთვის ბოროტნი არიან, ძნელად თუ ვინმემ დაფაროს საიდუმლო, მით უმეტეს ისეთი შინაარსისა, როგორიც თქვენია".
დიდი სიყვარული ჩანს სიტყვებში: „ჩემო კარგო ოლიკო! რა კეთილი ხარ, ასე ხშირად რომ მახარებ შენი მხიარული წერილებით. გეფიცები, მთელი დღე შენით ვსულდგმულობ. სტამბაშიც-კი, ამ მოსაწყენ სტამბაში, გამუდმებით თვალწინ მიტრიალებ. ჩემთვის ის დღე რა დღეა, თუ შენი წერილით არ გამითენდა და შენი წერილითვე არ დამიღამდა. შენც იმდენ ყურადღებას იჩენ, რომ იშვიათად, ძალზე იშვიათად მითენდება მოსაწყენი დღე. მადლობას მოვახსენებ ამისათვის ჩემს ძვირფას ოლიკოს. იმედი მაქვს, მერმეც ასეთ ყურადღებას გამოიჩენ შენი ილიკოს მიმართ!"
სიცოცხლის ბოლომდე გვერდით ედგა ოლღა თავის ძვირფას მეუღლეს. ილიას გარდაცვალების შემდეგ კი მთაწმინდაზე იქირავა ბინა, რომ ყოველდღე ეგრძნო მასთან სიახლოვე და საფლავზე სანთელი დაენთო.