25/08/2026
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მესამე კურსის სტუდენტებმა პროფესორ თონა შიოშვილის ხელმძღვანელობით ფოლკლორული პრაქტიკა გაიარეს ხულოს მუნიციპალიტეტის ხიხაძირის ხეობის სოფლებში: ხიხაძირი, სკვანა, კალოთა, ბაკო, თხილვანა, ვერნები,ფუშრუკაული, კვატია, ბარდნალი.
სტუდენტებმა ჩაატარეს საველე სამუშაო და მოიპოვეს ჟანრობრივად მდიდარი და მრავალრიცხოვანი ფოლკლორული მასალა, რომელიც, ტრადიციულად, ბინას დაიდებს ბსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის სასწავლო-სამეცნიერო არქივში, რომლის საფუძველზეც მომავალში მომზადდება არაერთი სამეცნიერო ნაშრომი სტუდენტთა თუ მეცნიერ-თანამშრომელთა მიერ.
სტუდენტთა მიერ ხიხანის ხეობის სოფლებში შეკრებილი ფოლკლორული მასალის ნაწილი ( ხალხური პოეზიის ნიმუშები და მახვილსიტყვაობანი) დასაბეჭდად გადაეცა ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქციას და უახლოეს ნომერში გამოქვეყნდება. ამასთანავე, ბოლო სამი წლის მანძილზე ხიხანის ხეობის სოფლებში სტუდენტური პრაქტიკების დროს ჩაწერილი ფოლკლორული მასალის საფუძველზე მზადდება კრებული „ხიხანის ხეობის ზეპირსიტყვიერება“.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სავალდებულო ფოლკლორული პრაქტიკა არა მარტო ახალგაზრდებს აჩვევს ფილოლოგისათვის აუცილებელ საველე მუშაობას და ეროვნულ ფოლკლორულ საუნჯესთან ზიარებას, არამედ დიდი წვლილი შეაქვს ამ საუნჯის გადარჩენისა და მომავალი თაობისათვის შენახვის მამულიშვილურ საქმეში.