21/11/2020
სინანულს გამოვთქვამ რომ ჩემი წერილის გამო, ჩემთვის მეტად საპატივცემულო ადამიანებს, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს და ბატონ მინდია უგრეხელიძეს შეურაცხყოფის ნიაღვარი დაანთხიეს.
თურმე რიგითი ქართველი კი არა, ყველაზე სახელგათქმულებიც კი მოსყიდულები და გამყიდველები გვყოლია. მაშ ქვეყანა დაღუპული და ავადმყოფი ყოფილა.
უბედურება კი სწორედ ის არის, რომ ვინც ასე ფიქრობს, სწორედ ის, ტუჩებზე დუჟმორეული აპირებს მოახტეს ჯაგლაგ ბედაურს, ხელში ცოცხი დაიჭიროს და ისტორიის შარაგზაზე მანამ აჭენოს უმოწყალოდ, სანამ მართლა სული არ გასძვრება.
კარგ ცხენზე კარგი მხედარი უნდა იჯდეს. ბრიყვი და თავხედი, კისერს რომ მოიტეხს, ცხენის ძაგებას დაიწყებს.
ასეა, უღირსი რომ სათავეში მოხვდება, ის ფიქრობს, რომ ერიც უვარგისია. პირდაპირ არ იტყვის, მაგრამ წამოსცდება, ან საქციელით გაიყიდება.
ხალხი კი ხელისუფლის უკმაყოფილოა. სურს შეცვალოს იგი. ამ ყოფას ხალხში დაბადებული ეს ლექსი ალბათ საუკეთესოდ ასახავს.
გამზრდელს ჩაარტყა მახვილი,
მასპინძელს ჩასცა მახვილი,
ჯეკა ევროპის საზღვრები,
ჭერიდან დასცა ძახილი
რომ არავის არ დაინდობს,
რომ ყველას ფეხქვეშ გაიგდებს,
მითუფრო, თუკი დაზოგეს,
მითუფრო, თუკი დაინდეს.
ბავშვობა იყო ანცობა,
მოწიფულობაც - ანცობა
ზოგი იმგვარად ბერდება,
არ ეღირსება კაცობა.
ვაი შენ, ჩემო ქართველო,
როგორ გჩაგრავენ ბრიყვები
მოტყუებული, დაღლილი
ბრიყვს სამარეში მიჰყვები.
ცხოვრებამ დაგაჩანჩურა?
შლეგზე ლოცულობ ხატივით?
ჯერ ის გაუშვი პანჩურით
მერე ეს, დიდი პატივით.
საოცარ რამეს მოგიყვებით. 2008 წელს ჩვენმა აკადემიამ განაცხადა, რომ გვქონდა ფანტასტიკური შედეგები და მსოფლიო მნიშვნელობის ენერგეტიკის ცენტრს შევქმნიდით. დიდხანს ატრიალეს საკითხი. შემდეგ ერთმა ჩინოსანმა მკითხა, ეს თუ ესეთი მაგარი რამეა, უცხოელებმა რატომ არ გააკეთესო. საქმე იმით დამთავრდა, რომ პროექტი გაგვიუქმეს, ქონება წაგვართვეს და გაგვანადგურეს. მის შემდეგ, თერმოდინამიკასა და აეროდინამიკაში მრავალი მონოგრაფია გამოვეცით, მათ შორის, არაერთი საზღვარგარეთ. დაგვეკონტაქტნენ უცხოელები. დღეს კი, უკვე მეშვიდე წელია, ჩვენს აკადემიაში გერმანიიდან გამოგზავნილი დანადგარი სიბნელეშიც, სიცივეშიც, უწყვეტად ღებულობს ენერგიას და სასწაულს ახდენს. რის გაკეთებასაც ჩვენ ვაპირებდით, ის უცხოელებმა გააკეთეს. აი, რა ხდება, როდესაც ერში იკარგება რწმენა საკუთარი ძალისა და ღირსებისა. უღირსი მეთაური ხალხს აბუჩად იგდებს და ლეგენდად ქცეულ ადამიანებსაც კი აღარ ინდობს.
საოცარია, ახალგაზრდები უმკაცრესად აკრიტიკებენ უფროს თაობას, წარსულს, ანუ იმას, რაც არ უნახავთ და ვერ ხედავენ იმას, რაც მათ თვალწინ ხდებოდა. ვერ ხედავენ საკუთარ შეცდომებს.
შეხედეთ სასახლეებს, ცარიელ ბაღებს და სასტუმროებს, რომლებსაც უნდა შევენახეთ. განა არ სჯობდა მეურნეობები შეგვექმნა და დოვლათი გვეწარმოებინა? მაგრამ, სად არიან საწარმოები, ვინ დახურა ისინი? რაც არ აუშენებიათ, რას დახურავდნენ. ნამუსის გარდა ყველაფერს გავყიდითო. სტრატეგიული ობიექტები გაანიავეს და სიმწრით ნაშოვნი ფულით შადრევნები გვიშენეს. გასაგებია, ნამუსი რატომ არ იყიდებოდა.
დღეს ადამიანის ღირსება გაცილებით დაცულია, თუმცა, სამართალი ჯერ კიდევ მოიკოჭლებს, მაგრამ როდის შექმნეს ნამდვილი სასამართლო? გაიხსენეთ, როდის ჩაიდეს ჯიბეში იგი.
გვაქვს მახინჯი საარჩევნო სისტემა, მაგრამ ხომ არ გვავიწყდება, ვინ შექმნა იგი?
დღეს ქვეყანაში სუფევს დაუსჯელობის სინდრომი. როგორ ფიქრობთ, დასრულდება იგი, თუკი კრიმინალები ლიდერებად გვეყოლება?
ვერავის იმ დონემდე ვერ გავაღმერთებ, რომ ისტორიის შემოქმედი დავარქვა. ყველა დიდ პროცესს თავისი მიზეზები აქვს. უცებ არაფერი ხდება. ყველამ რაღაცა შევცოდეთ. ჩვენგან ჩათესილ თესლს კი, როგორც წესი, ჩვენი შვილები იმკიან.
უყაირათობას, უსამართლობას, უპასუხისმგებლობას და ურცხვობას ხალხის წინაშე დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ მისი საფუძველი, სამწუხაროდ, სწორედ მაშინ გაძლიერდა ჩვენში, როდესაც საქართველომ მსოფლიოს ხმამაღლა ამცნო, რომ ევროპული ცივილიზაციის ქვეყნის შენებას იწყებდა, ბევრი რამ, მართლაც, სასიკეთოდ შეიცვალა - თუმცა, როგორც ვხედავთ, მხოლოდ დროებითი ეფექტით, სატრაბახოდ და თვალში ნაცრის საყრელად.
დიახ, ამ ხელისუფლების ხელში ქვეყანა მართლაც შესაძლოა ჭაობში ჩაეფლოს. მაგრამ პროცესს ჩაძირვისა ხანგრძლივი ისტორია აქვს. საქართველო გავს პაციენტს, რომელსაც ბევრჯერ არასწორად უმკურნალეს. მაგრამ, როგორც წესი, ასამართლებენ იმ ექიმს, ვისთანაც ის დამძიმდება.
ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ბევრი დანაპირები. არც ის შეიძლება ქვეყანას მუდმივად ერთი კაცი მართავდეს. დროა განახლებისა, მაგრამ მას, ვინც იცის, რომ დროა წასვლისა, არ უნდა ეშინოდეს იმისა, რომ ზუსტად ის, ვისაც ბევრი რამ ეპატია, მოსვლისთანავე განაჩენს გამოუტანს. ვინ შექმნა ტრადიცია ღირსეულად წასვლისა? ვინ შექმნა, დიდი დავითივით, საკუთარი გალობანი სინანულისა? სწორედ ურცხვი აგრესია ძველისა არის საფუძველი ახლის მდგრადობისა.
ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც მსოფლიო, უმძიმეს ვითარებაშია და ეს ხდება იმიტომ, რომ, გართობასა და აზარტს აყოლილ სამყაროში, ადამიანები უკან არ იყურებიან, ხოლო თუ იყურებიან, წინაპარს აბუჩად იგდებენ, ღირსეულ ხალხს ბილწი სიტყვებით მოიხსენიებენ, შარლატანებს კი აფანატებენ. უზნეო, ფესვებს მოწყვეტილი გლობალიზმი მცირე ერებს განადგურებისაკენ მიაქანებს, და თანაც ეროვნულობის სახელით!!!!
მე ჩემი სათქმელი გულახდილად განვაცხადე და ვიცოდი რომ ეს ყველას არ ეამებოდა.
ვუსმენ ლანძღვა-გინების წამოსულ ნიაღვარს და მეცოდება ჩემი სამშობლო. რა დონემდეა მისული ხალხი. აღარც უფროსის პატივისცემა, აღარც ელემენტარული ზრდილობა!!!
დიახ, ბატონებო, საქართველო ახალგაზრდებმა უნდა მართონ, მაგრამ არა ბილწმა, თავხედმა და უპასუხისმგებლომ, არამედ, ზრდილმა, მორიდებულმა, უფროსი თაობის, ოჯახის და ტრადიციის პატივისმცემელმა, ღირსებით სავსე ახალგაზრდებმა.
დიახ, ქვეყანა მშვიდმა, გონიერმა, პატივსაცემმა და ღირსეულმა ხალხმა უნდა მართოს. ღირსეული არ იყიდება. ვაი იმ ქვეყანას, ვისაც ასეთები არ ჰყავს. ვაი იმ ქვეყანას, სადაც ასეთებს არ უსმენენ.
რა უნდა ვუპასუხო ნერვებაყოლილ ადამიანებს. ღმერთმა ყველას შეგინდოთ, გაგაძლიეროთ და დაგამშვიდოთ.
ამირან აფციაური