14/09/2021
- ცოლ-შვილი გყოლია როდისმე?
- არ მყოლია.
- სიყვარული?… ქალი გყვარებია?
- ნამდვილ სიყვარულს დრო ჭირდება, შალვა,- მცირედი დუმილის შემდეგ თქვა დათა თუთაშხიამ, - არც ერთხელ არ დამაცადა ბედ-იღბალმა.
- არ მესმის! სიყვარული ერთი ნახვითაც შეიძლება.
- სიმღერაში.
- რატომ? არ გქონია შემთხვევა, რომ ქალი დაგენახოს და შეგყვარებოდეს? - მართლა არ მესმოდა, რას გულისხმობდა.
- ეგ სიყვარული არ უნდა იყოს, მგონია.
- მაშ,რა არის?
- არ ვიცი,როგორ გითხრა... მოწონებაა, გატაცებაა, ალბათ. ხორციელია ეგ, სიყვარული სულიერია. ერთხანს მაინც უნდა იყოთ ერთად, რომ სულში ჩახედოთ ერთმანეთს, მისი სულიერი რაღაც-რაღაცეები შენი სიცოცხლისთვის აუცილებელი რომ გახდება, მაშინ დაერქმევა თქვენს უერთიერთობას სიყვარული. ასე მგონია მე და, შენი შვილების დედაც თუ არის ის ადამიანი, ამახვილებს სიყვარულს ეს.
- შეიძლება, ეგრეც იყოს, - დავეთანხმე და კვლავ ვკითხე: - არც სერიოზული გატაცება გქონია?
დათა თუთაშხია კარგა ხანს დუმდა, რაღაცაზე თუ ვიღაცაზე ფიქრობდა. უძილო, დაღლილი სახე ჰქონდა, მაგრამ თვალებში შუქი მაინც ჩაუდგა. მერე ისევ მოიღუშა და თქვა:
- ერთხელ... სიყვარული იყო, მგონია, ის, მაგრამ... ეჰ, დავიძინოთ შალვა.
გადაბრუნდა და აღარაფერი უთქვამს.
აღარც მე ჩავძიებივარ.
🤍🤍🤍🤍🤍🤍🤍
/დათა თუთაშხია - ჭაბუა ამირეჯიბი/